Thursday, April 14, 2011

კრედიტი

ერთეული, რომელიც ასახავს სტუდენტის მიერ საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში.
ECTS - ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემა (შემდგომში - ევროპული საკრედიტო სისტემა) სტუდენტზე ორიენტირებული სისტემაა. მისი დანიშნულებაა აკადემიური დატვირთვის ასახვა, რომელიც სტუდენტს ესაჭიროება სასწავლო პროგრამის მიზნების მისაღწევად.
სტუდენტის საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა) მოიცავს:
ა) ლექციებზე, სემინარებზე, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებზე დასწრებას;
ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;
გ) სასწავლო, სამეცნიერო და საწარმოო პრაქტიკას;
დ) გამოცდების მომზადება-ჩაბარებას;
ე) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე (საკურსო ნაშრომი, მოხსენება კონფერენციაზე, სამეცნიერო წერილი, საპატენტო განაცხადი, სადიპლომო ნაშრომი, საბაკალავრო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი, სადოქტორო დისერტაცია) მუშაობას;
ვ) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის დაცვას და გამოქვეყნებას.
საკრედიტო სისტემის შესაბამისად, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს 60 კრედიტს, რაც შეესაბამება სასწავლო საქმიანობის 1500-1800 ასტრონომიულ საათს, ხოლო 1 კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25-30 ასტრონომიულ საათის განმავლობაში.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს, ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები.
კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის (როგორიცაა მოდულები, კურსები, პრაქტიკა, დისერტაცია და სხვ.), მისი ხანგრძლივობის და ტიპის მიუხედავად.
კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად, სრული აკადემიური წლის განმავლობაში უმაღლესი აკადემიური განათლების თითოეული საფეხურისათვის.
კრედიტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიმართ მოთხოვნილი სამუშაოს წარმატებით დასრულების შემდეგ და ამ სამუშაოს დადებითი შეფასების შემთხვევაში.
დაუშვებელია სტუდენტის სემესტრული (ტრიმესტრული) მიღწევის შეფასება მხოლოდ სემესტრის (ტრიმესტრის) ბოლოს ჩატარებული გამოცდის მიხედვით. სტუდენტის სემესტრის (ტრიმესტრის) განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს:
ა) მისი დამოუკიდებელი მუშაობის შეფასებას;
ბ) შუა სემესტრულ რეიტინგულ შეფასებას;
გ) სემესტრის (ტრიმესტრის) საბოლოო გამოცდის შეფასებას.
[უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი, 2006].




იმისთვის რომ გაიგით რა არის      ECTS   ნახეთ ჩემი შემდეგი პოსტი.

No comments:

Post a Comment