Thursday, April 14, 2011

ECTS

კრედიტი, განმარტების თანახმად, წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ
ერთეულს. სტუდენტების მუშაობის შეფასებისათვის პირველად კრედიტები
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ჰარვარდის უნივერსიტეტში, XX საუკუნის
დასაწყისში გამოიყენეს. შემდეგ ეს სისტემა დიდ ბრიტანეთში და მთელ ევროპაში
გავრცელდა. სისტემამ ტრანსფორმირება განიცადა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში
მისი სხვადასხვა ვარიანტი გამოიყენებოდა.
როგორც უკვე აღინიშნა, XX საუკუნის 90-იან წლებში ევროინტეგრაციის პროცესებმა
უმაღლესი განათლების სფეროც მოიცვა. ბოლონიის პროცესის ერთ-ერთ უმთავრეს
მიზანს უმაღლესი განათლების საერთო ევროპული სივრცის შექმნა წარმოადგენს. ამ
მიზნის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტების თავისუფალი
გადაადგილება სხვადასხვა ქვეყნებში განათლების მიღებისათვის. ევროპაში
სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა კრედიტების
ტრანსფერის ევროპული სისტემა (European Credit Transfer System – ECTS), რომლის
გამოცდა 1989 წელს ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში მოხდა. ეს კრედიტების
ნაციონალური სისტემების “თარგმანის” ერთგვარი მცდელობა იყო.
ECTS-ის შემოღების მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნებს შორის
სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა, კერძოდ “…მობილური სტუდენტების მიერ
საზღვარგარეთ სწავლის პერიოდის აღიარების გამარტივება”. ტრანსფერის ეს
სისტემა საშუალებას აძლევს სტუდენტს, თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყნებს ან ერთ ქვეყანაში არსებულ სასწავლებლებს შორის ისე, რომ მის მიერ ერთგან
დაგროვილი კრედიტები აღიარებულ იქნეს მეორე სასწავლებელში.
ECTS-ის მნიშვნელობა დღესდღეისობით მხოლოდ კრედიტების ტრანსფერით არ
შემოიფარგლება – ეს სისტემა კრედიტების დაგროვების საშუალებაცაა, ამიტომ მას
დღეს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემას უწოდებენ.
სტუდენტი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების გარკვეულ
რაოდენობას უნდა აგროვებდეს (საქართველოში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამები 180-დან 240 კრედიტამდე, ხოლო სამაგისტრო პროგრამები – 120
ევროპულ კრედიტს უნდა მოიცავდეს). კრედიტების დაგროვებას გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს სტუდენტის კვალიფიკაციის დასადგენად. ECTS–ი ამის შესანიშნავ
საშუალებას იძლევა. ECTS-ის მეშვეობით ადვილდება სასწავლო პროგრამების გაგება
და შედარება. ამ სისტემის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სახის პროგრამისათვის,
მიუხედავად მისი ტიპისა. შესაბამისად, ECTS–ი წარმოადგენს არა მხოლოდ
მობილობის ხელშემწყობ ფაქტორს, არამედ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო
პროგრამების დაგეგმვისა და შეფასებისათვის.

No comments:

Post a Comment